გადავა თუ არა კიდევ ერთი უმსხვილესი ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის ხელში, - ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილმა დღეს თელასის შესაძლო გასხვისება არ გამორიცხა. ფორმულა ნიუსის ინფორმაციით, კომპანიის შეძენით დაინტერესებულია და მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან და კახი კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი. ხვიჩა მაქაცარიას ოფშორში დარეგისტრირებულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ უკვე შეიძინა ყასტრანსგაზის 100 პროცენტიანი წილი.
"თელასთან დაკავშირებით მე ეს ინფორმაცია მოვისმინე მედიით, რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის არ მოუმართავს, აქედან გამომდინარე ამაზე კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ოფიციალურად თელასის გაყიდვის მოთხოვნით ჯერ კერძო მესაკუთრეს სახელმწიფოსთვის არ მიუმართავს. მიუხედავად ამისა, ნათიას თურნავას დღეს არ გამოურიცხავს, რომ შესაძლოა ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ხვიჩა მაქაცარიას არ იცნობს. რამდენიმე ღია წყაროს ინფორმაციით, მაქაციარია კახი კალაძისა და უჩა მამაცაშვილის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, ბიზნესპარტნიორია. მაქაცარია ბოლოს მედიის ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა, როდესაც ყაზტრანსგაზ თბილისის 100%-იანი წილი შეიძინა. თბილისის მერისა და ყაზტრანსგაზ თბილისის საეჭვო კავშირებზე ქართულ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა.
ქართულ ოცნებაში ხვიჩა მაქაცარიას თელასის ყიდვით დაინტერესებას ჭორს უწოდებენ, დეპუტატები ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
„ჩვენ ვიცით რომ ბიზნესი არის თავისუფალი საქართველოში, როგორც არასდროს, რაც შეეხება იურიდიულ შემთხვევებს და იურიდიულ ფაქტებს, ინფორმაცია უნდა მქონდეს, რომ გავაკეთო კონკრეტული კომენტარი,“ - განაცხადა კობახიძემ.
იმ შემთხვევაში თუ ხვიჩა მაქაცარია თელასის წილებს შეიძენს კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტი გადავა ბიძინა ივანიშვილის ხელში - ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილი საკუთარ გავლენებს აფართოებს.
„ერთის მხრივ ცხადია, რომ ახალი ინვესტორი ან ახალი მყიდველი ქვეყანაში პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საქართველოში სამწუხარო პრობლემად იქცა, ყველა მსხვილი სტრატეგიული ობიექტის შემძენი ხდება, ივანიშვილის ან მასთან დაახლოებული ძალიან ვიწრო წრის წარმომადგენელი ბიზნესმენი და ეს ადამიანი ახდენს საკუთარ ხელში და საკუთარ ბიზნესჯგუფში მთელი კაპიტალის მობილიზებას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ფორმულას ინფორმაციით თელასის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია,რის გამოც ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია აზრებაიჯანშიც იმყოფებოდა. თელასის ადგილობრივ წარმომადგენლობაში წილებით დაინტერესებას არ გამორიცხავენ, ფორმულა ნიუსი ამ კითხვაზე პასუხის ამ დრომდე ელოდება ინტერ რაოს მოსკოვის ოფისიდან.